კურორტი ზეკარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის სამხრეთით, მდინარე ხანისწყლის ხეობაში. ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია და მუხის, კაკლის, წაბლის, ნაძვის, კოპიტისა და სხვა ძვირფასმერქნიანი ჯიშების ტყეებით არის დაფარული. სამხრეთიდან ბაღდათს მიუყვება მცირე კავკასიონის მესხეთის (იგივე აჭარა – იმერეთის) ქედი, რომელზეც ზეკარის უღელტეხილით სამცხე-ჯავახეთთან, კერძოდ, ადიგენთან დამაკავშირებელი გზა გადის. ეს გზა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა საქარავნო მიმოსვლისთვის. უღელტეხილთან ახლოს სათავეს იღებს მდინარე ქერშავეთი, რომლის ხეობაშიც მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი ზეკარი. აქ ამომავალი გოგირდიანი თერმული წყლები, ძირითადად, რევმატული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. წლების წინ კურორტს გააჩნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა: კაპიტალური შენობა, კოტეჯები, სასადილო, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციას საჭიროებს. ბაღდათი მეღვინეობის მხარეა. ყურძნის იმერული ჯიშებიდან ცნობილია სვირული კრახუნა, ობჩური ცოლიკოური და კვალითური ციცქა. კრახუნა ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ვაზის თეთრი საღვინე ჯიშია. მიუხედავად იმისა, რომ კრახუნა რაჭაში, ლეჩხუმში, გურიასა და სამეგრელოშიც გვხვდება, საუკეთესო თვისებებს სწორედ იმერეთში ავლენს. კრახუნას ყურძენი, როგორც წესი, იმერული და კლასიკური ევროპული ტიპის სუფრის ღვინის დასაყენებლად გამოიყენება. XIX ს-ის II ნახევარში ბაღდათში, სოფელ ვარციხეში, ცნობილი მეწარმე ალექსანდრე ანანოვი ცხოვრობდა. მის მამულებში ვაზი 20 ჰექტარზე იყო გაშენებული. ანანოვმა ვარციხეში ააშენა ყურძნის გადამმუშავებელი ქარხანა, რომელსაც საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტები მართავდნენ. მეწარმე, საკუთარის გარდა, მეზობელი გლეხებისგან ნაყიდ ყურძენსაც ამუშავებდა და წლიურად 200-300 ათას ლიტრ ღვინოს, 30-40 ათას ბოთლ შამპანურსა და 60 ათას ბოთლ კონიაკს აწარმოებდა. ამჟამად ანანოვის მამულში ახალგაზრდული ბანაკია განთავსებული, ვარციხის კონიაკის ქარხანაში კი კვლავ იწარმოება სხვადასხვა სახის პროდუქცია იმერული ყურძნისგან.
მდებარეობა: მესხეთის ქედის ჩრდილოეთი ფერდობი (მცირე კავკასიონის სისტემა), მდ. ხანისწყლის ხეობა.
მანძილი: ბაღდათიდან – 25 კმ, ქუთაისიდან – 55 კმ. თბილისიდან – 255კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 750-780 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: ნესტიანი, სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა
-10ჩ. ზაფხული თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 210ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1800-1900 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1300-1400 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად სულფიდურ-ჰიდროკარბონატულქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,5 გ/დმ3; დებიტი: 400 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ქრონიკული ართრიტი, ნეფრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები, რევმატიზმი.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes