თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

საქართველოს დედაქალაქი თბილისი გაშენებულია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით -ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი – თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქის ფართობია 515 კმ2. ქართლის დედაქალაქად თბილისი V საუკუნიდან იხსენიება, მაგრამ მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება: არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებიდან სახლობდა. ადგილი, სადაც თბილისი დაარსდა, ამიერკავკასიის ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ განაპირობა დასახლებული პუნქტის ადგილას მძლავრი ციხესიმაგრის აგება და, მოგვიანებით, მისი დედაქალაქად გამოცხადება. ამავე მიზეზით გარეშე მტერი გამუდმებით ცდილობდა საქართველოს უპირველესი ქალაქის ხელში ჩაგდებას, ბევრჯერ გადაუწვავთ და აუოხრებიათ… მიუხედავად ამისა, თბილისი დღეს კვლავ საქართველოს დედაქალაქი, კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრი და სატრანსპორტო კვანძია.
თბილისი ცნობილია, როგორც დედაქალაქი-კურორტი (ასეთი ქალაქი სულ ორია ევროპაში – თბილისი და ბუდაპეშტი):
მის ტერიტორიაზე გამოსავალს პოულობს უნიკალური მაღალდებიტიანი თერმული სულფიდური წყალი; გარდა ამისა,
ქალაქის საზღვრებში მოქცეულია ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლებითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული
არაერთი მნიშვნელოვანი კლიმატური კურორტი და დასასვენებელი ადგილი.
ძველი თბილისის შუაგულში, აბანოთუბნისა და ორთაჭალის საზღვარზე, მიწის ზედაპირზე რამდენიმე
ადგილას ცხელი გოგირდიანი წყალი ამოდის. ამ წყაროებთან არის დაკავშირებული თბილისის დაარსების ისტორიაც. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, საუკუნეების წინათ, როდესაც ქართლის დედაქალაქი მცხეთა იყო, ხოლო თბილისის ქვაბული ველური ბუნებითა და სანადირო ადგილებით გამოირჩეოდა, მეფე ვახტანგ გორგასალი ნადირობისას ტყეში შემთხვევით წააწყდა ცხელ წყაროს, რომელშიც მისი შავარდენი ნანადირევ ხოხობთან ერთად ჩაიფუფქა. მეფეს იმდენად მოეწონა ეს საკვირველი წყაროები, რომ ბრძანა, მის ადგილზე აეშენებინათ ქალაქი, რომელსაც შემდგომ თბილი
წყლების გამო `ტფილისი~ (1936 წლიდან – თბილისი) ეწოდა. წყაროებზე მალე გაშენდა გოგირდის აბანოები, რომლებიც ახლაც მოქმედია, მიმდებარე ტერიტორიას კი დღემდე აბანოთუბანი ჰქვია. თბილისური აბანოები ცნობილი იყო მთელ ახლო
აღმოსავლეთში. გოგირდიანი წყლის სასწაულებრივი თვისებების შესახებ X საუკუნის არაბი გეოგრაფი იბნ-ჰაუკალი წერდა: …იქ არის აბანოები, სადაც წყალი უცეცხლოდ დუღს… სასტიკ დამპყრობელს, აღა მაჰმად-ხანსაც ეგონა, რომ მის `უკურნებელ სენს თბილისის აბანოები უშველიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და იმედგაცრუებულმა საჭურისმა ბრძანა, მიწასთან გაესწორებინათ ქალაქი. თბილისის ბუნებრივად ცხელ წყაროებზე გამართულ აბანოებს იხსენებს და აგვიწერს XVII-XVIII სს-ში აქ სტუმრად ნამყოფი თითქმის ყველა უცხოელი მოგზაური თუ ცნობილი პიროვნება, მათ შორის ფრანგი მოგზაურები – ჟან შარდენი და დიუბუა დე მონტერე, ბოტანიკოსი ჟოზეფ ტურნეფორი, იტალიელი მისიონერი იოსებ დელაპორტი, რუსი პოეტი ალექსანდრ პუშკინი თუ სხვები.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს დედაქალაქის თერმული წყლების პირველი საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაატარა
გერმანელმა გეოლოგმა, კავკასიის ცნობილმა მკვლევარმა ვილჰელმ აბიხმა. სწორედ მან დაგვიტოვა ამ ადგილის გეოლოგიური
აღწერილობა და აღნიშნა თბილისის მინერალური წყაროების სამკურნალო მიზნით გამოყენების მიზანშეწონილობა.
მოგვიანებით, თბილისის თერმული წყლების მაღალი თერმული ეფექტიანობა მრავალი კლინიკური თუ ექსპერიმენტული
დაკვირვებებით დადასტურდა, რაც საფუძვლად დაედო 1938 წელს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის დაარსებას.
ამ დროისთვის დედაქალაქში ცნობილი იყო მინერალური წყლის 35-მდე ბუნებრივი გამოსავალი, რომელთა საერთო დებიტი დღე-ღამეში 1 300 000 ლიტრს შეადგენდა. სამკურნალო დაწესებულების გახსნას წინ უძღოდა ერთი მეტად საინტერესო პროექტი: კურორტის ერთ-ერთ დამაარსებელს, მიხეილ ზანდუკელს, განზრახული ჰქონია, გოგირდის წყაროების ირგვლივ, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო საკურორტო ზონა, რომელშიც თბილისის ბოტანიკური ბაღიც შევიდოდა. მისი თხოვნით 1932 წელს ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, სიდამონ ერისთავმა, პროექტიც კი შექმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი განხორციელება მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოხერხდა. დღეს კურორტის ტერიტორია 400 ჰექტარს მოიცავს.
ჩრდილო აღმოსავლეთითა და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება მდინარე მტკვარი და 300 არაგველის ბაღი, დასავლეთიდან
და სამხრეთ-დასავლეთიდან – თბილისის ბოტანიკური ბაღი, ხოლო სამხრეთიდან – თაბორის შემაღლება და კრწანისი.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი არის ბუნებრივი ფაქტორებით – სამკურნალო – მინერალურ-გოგირდიანი
წყლითა და სამკურნალო ტალახით (გამოიყენება კუმისის ტალახი) აღჭურვილი თანამედროვე კეთილმოწყობილი სამკურნალო დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულება. აქ კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობითა და თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის გამოყენებით ბუნებრივი ფაქტორებისა და მედიკამენტების შერწყმის საფუძველზე ტარდება მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი. აქვე ფუნქციონირებს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის,
რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო
პრაქტიკული ცენტრი.
მდებარეობა: თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. შედის თბილისის კურორტების ჯგუფში.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 420 მ.
რელიეფი: გორაკ-ბორცვიანი.
კლიმატი: რბილი, კონტინენტური, ზომიერად მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო
ტემპერატურა –10ჩ. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 240ჩ. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 554 მმ. ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 66%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2112 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა და სუსტად მინერალიზებული, თერმული(37-470ჩ) სულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ჰიდროკარბონატულ-კარბონატულქლორიდული
ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,4 გ/დმ3, გოგირდწყალბადის
რაოდენობით 10-20 გ/დმ3;
დებიტი: 2 მლნ ლ/დღ-ღ.
კურორტზე გამოიყენება ახტალისადა კუმისის სამკურნალო ტალახები.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები; წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მასაჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes