კურორტი ანაკლია
საქართველოს შავიზღვისპირეთის მარგალიტად წოდებული ანაკლია დღეს განვითარებადი კურორტია. უწინ აქ მეთევზეთა სოფელი და ნავსადგური იყო. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ანაკლიის ტერიტორიაზე ბერძნები დასახლებულან და მისთვის ბერძენი მითური გმირის სახელი – ჰერაკლია დაურქმევიათ. საუკუნეთა განმავლობაში ჰერაკლია ანაკლიად გადაკეთდა. ანაკლიას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან. გემებს ტრაპიზონიდან და კონსტანტინოპოლიდან მარილი, ჭურჭელი, რკინა და იარაღი ჩამოჰქონდათ, საქართველოდან კი სიმინდი, ბზა, თაფლი, აბრეშუმი, ხარის ტყავი, კვერნისა და თახვის ბეწვი გაჰქონდათ. ვაჭრობდნენ ადამიანებითაც – აფხაზი და მეგრელი თავადები თავიანთ ქვეშევრდომებს ოსმალებზე ყიდდნენ. ლეგენდის თანახმად, ამ ადგილის სახელწოდება ანაკლია სწორედ ტყვეებით ვაჭრობას უკავშირდება: თურმე დედას შვილი მოსტაცეს და გაყიდეს. ქალი ზღვის ნაპირას იდგა და სასოწარკვეთილი მოთქვამდა. მისი კივილის გაგონებაზე ხალხს უთქვამს: „ანა რკიანს“ (`დედა კივისო). „ანარკია“ მოგვიანებით ანაკლიად გადაკეთდა. ბოლო წლებში ანაკლიის საკურორტო ზონის განსავითარებლად ბევრი რამ გაკეთდა. სახელმწიფომ ინვესტორებს სანაპირო ზოლზე მშენებლობისთვის შეღავათიანი პირობები შესთვაზა, რის შემდეგაც ანაკლიაში სასტუმროები, რესტორნები, აკვაპარკი, კაზინო, ამფითეატრი და საზღვაო კურორტის ინფრასტრუქტურისთვის
დამახასიათებელი სხვა დაწესებულებები გაჩნდა, საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე მაღალი დონის სასტუმროს
მშენებლობას. სანაპიროს მიუყვება ბულვარი, რომელიც ორ სოფელს – ანაკლიას და განმუხურს აკავშირებს.
გამომცემლობა “კლიო”