კურორტი კოჯორი

თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აღმართს მიუყვება მიხვეულ-მოხვეული გზა, რომელიც, გასცილდება თუ არა თბილისის საგარეუბნო სააგარაკო ადგილებს – ოქროყანას, შინდისსა და ტაბახმელას, მთის კლიმატურ კურორტ კოჯორში ადის. ამ გზის სიგრძე თბილისის ცენტრიდან 16 კილომეტრია, საცალფეხო ბილიკით კი მთაწმინდიდან კოჯრამდე მანძილი 7 კილომეტრამდე მცირდება. ახლანდელ კოჯორს ძველად აგარანი ერქვა, მის მიდამოებში აღმართულ ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომს კი – აგარათა ციხე (დღეს _ კოჯრის ციხე). ტოპონიმი `კოჯორი მოგვიანებით გაჩნდა. მკვლევართა ერთი ნაწილი მას სიტყვა ქოჩორს  უკავშირებს, რადგან მაშინდელი კოჯრის პლატო დაფარული იყო ტყეებით და ქოჩორს წააგავდა; არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით კოჯორი უკავ- შირდება კოჯორას (დაკოჟრილს)  ადგილობრივი რელიეფი თითქოს მართლაც დაკოჟრილია. კოჯორში გაბატონებული მთის კლიმატი ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ტონუსის აღდგენას და დაავადების მიმართ წინააღმდეგობის უნარის გაძლიერებას. განსაკუთრებით თვალსა-ჩინოა ეს გავლენა მცირე ასაკის ბავშვებზე. ძველად, როდესაც თბილისის მიდამოები ჯერ კიდევ მდიდარი იყო მწვანე ნარგავებით, ტყეებითა და ბაღებით და ქალაქშიც ზაფხულობით უფრო გრილოდა, მხოლოდ თბილისელთა შეძლებული ნაწილი გადიოდა საგარეუბნო სააგარაკო ადგილებში. მაშინ ასეთ ადგილებად მიიჩნეოდა დღეს უკვე ქალაქის საზღვრებში მოქცეული ორთაჭალა, კრწანისის ბაღები, გლდანი, შინდისი, ტაბახმელა, წავკისი, დიღმის ბაღები, ოქროყანა, წყნეთი და კოჯორი. მათ შორის განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა ქართველ მეფეთა საზაფხულო აგარაკად ცნობილ კოჯორს, სადაც XIX საუკუნეში ზაფხულობით თვით კავკასიის მეფისნაცვალი ისვენებდა სხვა მაღალი წოდების
პირებთან ერთად.
კურორტი კოჯორი
მდებარეობა: თრიალეთის ქედის განშტოება.
მანძილი: თბილისის ცენტრიდან – 16 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1338-1350 მ.
რელიეფი: მთის პლატო.
კლიმატი: ზომიერად მშრალი, საშუალო მთის ტყიანი ზონის. ზამთარი ზომიერად ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,60ჩ. თოვლის საფარი მდგრადია დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. ზაფხული მშრალი, ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 170ჩ.
ნალექების წლიური რაოდენობა: 745 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 74%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2100 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: ლიმფური ჯირკვლების, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ბრონქიტი, პლევრიტი, ბავშვთა კუჭ-ნაწლავის დაავადებები, მეორეული სისხლნაკლებობა, ბრონქული ასთმა, რაქიტი, ნევროზები.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes