კურორტი ბახმარო

ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით დაფარული მთების ქვაბულში მდებარეობს გურიის რეგიონის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ბახმარო. აღმოსავლეთიდან მას დაჰყურებს მთა გადრეკილი, იგივე ლეჩქის სერი (2520 მ), რომელსაც მოაგარაკეები მზის ამოსავალ გორას უწოდებენ – სისხამ დილით, მზის ამოსვლის დროს, ამ ადგილიდან ულამაზესი სანახაობა იშლება. XIX საუკუნის ბოლომდე ბახმაროს მხოლოდ მწყემსები სტუმრობდნენ. კურორტის უნიკალურ სამკურნალო თვისებებს სწორედ მათ გაუთქვეს სახელი. თავდაპირველად მწყემსებს ბახმაროს მთებში აჰყავდათ თავიანთი ოჯახის წევრები, რომლებზეც ჯანსაღი ჰავა დადებით ზეგავლენას ახდენდა. ბახმაროში მწყემსებს აჰყოლია პირველი მოაგარაკეც, რომელიც საოცრად მალე
განკურნებულა მაშინ ფართოდ გავრცელებული დაავადების – ჭლექისგან. ამის შემდეგ კურორტის სასწაულმოქმედი ჰავის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა. მოაგარაკეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდებოდა. მოგვიანებით, მრავალმხრივმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბახმაროს უნიკალური კლიმატი საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმის გასაკაჟებლად, შესანიშნავ შედეგს იძლევა ტუბერკულოზისა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებების მკურნალობის პროცესში. ბახმაროს ჰავის უნიკალურობას, პირველ ყოვლისა, მისი მდებარეობა განაპირობებს. დასავლეთით კურორტი ღიაა, რისი წყალობითაც ხეობაში ზღვის თბილი ქარი იჭრება. ეს კი, თავის მხრივ, რბილი შუა მთის მაღლივი სარტყლის ჰავის ფორმირებას უზრუნველყოფს. მთაველის ქარების სიჭარბე კურორტის კარგ განიავებას უწყობს ხელს, ამიტომ ჰაერი აქ მუდამ სუფთა და გამჭვირვალეა. სამკურნალო ეფექტს აძლიერებს მთის ულამაზესი ლანდშაფტის დამამშვიდებელი გავლენაც. სააგარაკო სეზონი ბახმაროში ხანმოკლეა: ივლისის დასაწყისიდან – აგვისტოს ბოლომდე. მკაცრი კლიმატური პირობების გამო, სექტემბრის დასაწყისში გურიის მთები იფარება თოვლით, რომლის სიმაღლე ზამთარში 4-6 მ-მდე ადის. ბახმაროს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ათვისების იდეა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გაჩნდა. სამეცნიერო ექსპედიციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბახმაროს ბუნებრივი პირობები ზამთრის კურორტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და რომ აქ შეიძლება გაკეთდეს 8-10 სხვადასხვა დანიშნულების სათხილამურო ტრასა, რომლებიც 4-5 თვის განმავლობაში სრული დატვირთვით იმუშავებენ.
მდებარეობა: მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ფერდობები, მდ. ბახვისწყლის ხეობა.
მანძილი: ჩოხატაურიდან – 55 კმ, თბილისიდან – 365 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1926-2050 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთისა (ზედა სარტყელი) და ზღვის ჰავა. ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,50C. თოვლის საფარი რჩება 6 თვემდე. ზაფხული ზომიერად გრილი და ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა13,40C. 
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1500-1600 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2050-2200 სთ.
ბუნებრივი სამკურალო ფაქტორი: ზღვის ჰავასთან შეხამებული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობები: პასიური და აქტიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, ტუბერკულოზის სხვადასხვა(ფილტვის, ძვალ-სახსართა, ჯირკვლოვანი, პლევრალური) ფორმა, მეორეული ანემია, ნევრასთენია.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes