კურორტები - Color Up Georgia


კურორტი ბაბანური

შუახევის მუნიციპალიტეტის ბუნება უნიკალური ბიომრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ თავმოყრილია მცენარეების უიშვიათესი ენდემური სახეობები: მუხა, წაბლი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, წიფელი, ცაცხვი, თელა, ფიჭვი, ნაძვი, იელი, მოცვი, წყავი, შქერი. შემოდგომა-ზამთარში ამ ტყეებში გარეულ ღორზე, კურდღელზე, მაჩვზე და კვერნაზე ნადირობენ. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყარო: კოდალა, შაშვი, გუგული, კაკაბი, როჭო, ტყის ქათამი. მდინარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებში მრავლადაა სარეწაო მნიშვნელობის თევზი: კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვ. შუახევი გამორჩეულია სამკურნალო და თერმული წყლების სიუხვით. მინერალური წყლები მრავალ ადგილას ამოდის: შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუდნის, ბოგილის, ტყემალთის, წყალლამპარასა და უჩამბის მინერალური წყაროები გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. ალპური ზონების სოფლების (ჩირუხი, ჯინალი, ტომაშეთი, საღორია, ღომა) ბუნებრივ-კლიმატური პირობები კი სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების პერსპექტივას ქმნის. შუახევიდან 24 კმ-ში, სოფელ ვანთან მდებარეობს მაღლივი სარტყლის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ბაბანური. აქაური მინერალური წყლები მრავალი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
მდებარეობა: მესხეთის ქედის განშტოების, ნაცარატინტეს სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთა, მდ. ბარათაულისწყლის ხეობა.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1440 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი), ზომიერად ნოტიო. ზამთარი ზომიერად ცივი, უხვთოვლიანი, მდგრადი თოვლის საფარით დეკემბრის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურა -1,30C. ზაფხული გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 19,90C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1350 მმ.
ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა: 76%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 საათი.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყალი ბაბანური – კარბონატულ- ჰიდროკარბონატულ, ნატრიუმიანი, ტუტე (პH-9,66) წყალი, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,4 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებები, რკინადეფიციტური ანემია, შაქრიანი დიაბეტი, რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული დაავადებები.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes