ლაგოდეხის რაიონშია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და სახელმწიფო სატყეო მეურნეობა, სადაც შექმნილია სამონადირეო მეურნეობები. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი პირველია საქართველოში შექმნილ ნაკრძალთაგან, იგი 1912 წელს არის დაარსებული. თავისი ფლორითა და ფაუნით ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ – გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. ამით არის განპირობებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაც. ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ – წიფლნარი ფოთლოვანი ტყე და აქ წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები: წიფელი, დიადი ბოყვი, რცხილა, მდინარეთა გაყოლებაზე მურყანი; ჩნდება ლაფანი, ცაცხვი, წაბლი, უფრო იშვიათად უთხოვარი; ლაგოდეხის გენციანა და ლაგოდეხის ენძელა, რომლებიც ვიწროლოკალურ ენდემებს წარმოადგენენ. ლაგოდეხის ნაკრძალში ბინადრობს საქართველოში გავრცელებულ მტაცებელ და წყვილჩლიქოსან ცხოველთა უმეტესობა, ამათგან ზოგიერთი სახეობის არეალი ძალზე შემცირებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში (არჩვი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი). ბინადრობს, აგრეთვე, აფთარი, წავა, დათვი, მგელი, ირემი, შველი, გარეული ღორი.ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. ფუნქციონირებს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი.

0 votes