კურორტები - Color Up Georgia


კურორტი ასკანა

სოფელი ასკანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვისწყლის ვიწრო ხეობის მარჯვენა ფერდობზეა გაშენებული. სოფლის სახელწოდება ერთი ვერსიით ღვინის ღმერთ ბახუსის შთამომავალს, უნასის ძე ასკანოსს უკავშირდება. იმასაც ამბობენ, გურიაში გავრცელებული ეპიდემიის დროს ჯანმრთელი მხოლოდ ამ სოფლის მოსახლეობა დარჩა, რის გამოც მათ ასკანიანები უწოდესო. მრავალი მილიონი წლის წინ, პალეოგენურ პერიოდში წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოიშვა თიხა, რომელიც ასკანის თემის სოფელ მთისპირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობა თიხას დასაბანად იყენებდა და ბაზარში გასაყიდად გაჰქონდა. 1916 წელს გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ ნახა გასაყიდად გამოტანილი თიხა და მიხვდა, რომ ძვირფას წიაღისეულს წააწყდა. მოპოვების ადგილის მიხედვით თიხას ასკანიტი უწოდეს. მთისპირის საბადოთი სერიოზული დაინტერესება XX ს-ის შუა წლებიდან დაიწყო. 1952-59 წწ-ში თიხის მომპოვებელი და თიხის გადამმუშავებელი ქარხანა აშენდა, რომელიც ორი სახის პროდუქციას აწარმოებდა: ბენტონიტს ღვინის მრეწველობისათვის და საყალიბე თიხას. დღეს ბენტონიტებს იყენებენ ნავთობის ჭაბურღილების ბურღვის სამუშაოთა დაჩქარებისა და გაიაფებისთვის. ასკანგელი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკულ წარმოებაში, საპნისა და საფეიქრო მრეწველობაში, ღვინისა და ძმრის საწმენდად, დინამიტის წარმოებაში. მედიცინაში ცნობილია პრეპარატი ბენტობოლი – ასკანის ბენტონიტური თიხის საბადოდან მიღებული თიხა-ასკანეს ტაბლეტები, რომელიც გამოიყენება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების დროს. ასკანიტის საბადოს მარაგი 10 მლნ. ტონას შეადგენდა. დღეს ამ მარაგის ნახევარია დარჩენილი. 1945 წელს თიხის კარიერის სამხრეთ-დასავლეთით აღმოაჩინეს იშვიათი შემადგენლობის ტალახი და გოგირდიანი წყალი, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს.
მდებარეობა: მესხეთის ქედის ჩრდილოეთი კალთა, მდინარე ბახვისწყლის ხეობა.
მანძილი: ოზურგეთიდან – 17 კმ, თბილისიდან – 333 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 173 მ.
კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,30C. ზაფხული თბილი და ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 21,80C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 1880 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 75%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1900 სთ.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes