კურორტები - Color Up Georgia


კურორტი აბასთუმანი

წიწვოვანი ტყით დაფარული მესხეთის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს ცნობილი კლიმატურბალნეოლოგიური კურორტი აბასთუმანი, რომლის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი, როდესაც ფიჭვი დამტვერვას იწყებს. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორის – კლიმატის გარდა, აბასთუმანი განთქმულია ჰიპერთერმული, სუსტად მინერალიზებული წყაროებით (გოლიათის წყარო _ 48.50C, გველის წყარო – 420C,  სურავანდის წყარო – 390C), რომლთა საერთო დებიტია 1 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. მინერალური წყლები არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ახლანდელი კურორტის ადგილას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე. ის ძველთაგანვე ყოფილა განთქმული სამკურნალო წყლებით. ქართველი გეოგრაფის, ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, XVII ს-ის დასაწყისიდან, როდესაც ოძრხეში თურქები გაბატონდნენ, იქაურობას ცხელი მინერალური წყლების გამო ჩემიკ-ბო-ღაზს ეძახდნენ (ჩემიკ – თბილი, ბოღაზ – ხეობა). დღევანდელი სახელწოდება კი, სავარაუდოდ, ადგილობრივი თავადების აბაზასძეების გვარს უკავშირდება. აბასთუმნის თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. პარალელურად, საფუძველი ჩაეყარა ფტიზიატრიული კურორტის მშენებლობას. საკურორტო გეგმის შემუშავებასა და მის ხორცშესხმაში დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის გუბერნიის მინერალური წყლების სამმართველოს უფროსს, ექიმ ადოლფ რემერტს, რომლის სახელს უკავშირდება კურორტ წაღვერის აღმოჩენაც. XIX საუკუნის ბოლოს აბასთუმანში ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ რუსეთის დიდი მთავარი, გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი დასახლდა. საგანგებოდ მეფისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი მესხეთი ფუნქციონირებდა, ხოლო 1994 წლიდან წმ. პანტელეიმონის დედათა მონასტერმა დაიდო ბინა. მეფისწულის სურვილის თანახმად, 1896-1899 წლებში აბასთუმანში აიგო წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიაც, რომელიც VIII-IX სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, ზარზმის პროტოტიპს წარმოადგენს, ამიტომაც მას ახალი ზარზმა უწოდეს. ეკლესია 1902-04 წლებში ცნობილმა რუსმა მხატვარმა მიხაილ ნესტეროვმა მოხატა.
მდებარეობა: მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდ. ოცხის ხეობა.
მანძილი: ადიგენიდან – 25 კმ, ახალციხიდან – 28 კმ, თბილისიდან –240 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250-1450 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -60C.
თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 160C.
ნალექების წლიური რაოდენობა: 688 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 77%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 1967 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის რბილი ჰავა და თერმული, კაჟიანი, სულფატურ-ქლორიდულ, კალციუმიანნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,6 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები.
სამკურნალო ჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზი განვითარების ყველა ფაზაში, პნევმო-პლევრიტისა და ლიმფადენიტის ქრონიკული და მწვავე ფორმები; ძვალსახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემების, გინეკოლოგიური დაავადებები.
ტექსტი: “საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა “კლიო”
0 votes